რას ნიშნავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის საკრედიტო ან სადეპოზიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ან ინდექსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელიც განსაზღვრულია გარკვეული პერიოდის მანძილზე. მის დაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით.

რით განსხვავდება იპოთეკური და სამომხმარებლო სესხი?

როგორც წესი, იპოთეკურ სესხთან შედარებით სამომხმარებლო სესხი მცირე მოცულობისაა. ამასთან, სამომხმარებლოსგან განსხვავებით, იპოთეკურ სესხს აქვს კონკრეტული დანიშნულება - უძრავი ქონების შეძენა, რემონტი, მშენებლობა. იპოთეკური კრედიტის შემთხვევაში სესხის უზრუნველსაყოფად უძრავი ქონება იტვირთება იპოთეკით და თუ მომხარებელი ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, ბანკი უფლებამოსილია მოახდინოს უზრუნველყოფის რეალიზაცია. იპოთეკური სესხისგან განსხვავებით მცირე მოცულობის სამომხარებლო კრედიტი არ არის უზრუნველყოფილი, თუმცა არსებობს უზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტიც.

რა განსხვავებაა საკრედიტო ბარათსა და ოვერდრაფტს შორის?

საკრედიტო ბარათი არის ბარათი, რომელიც ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ბარათის მფლობელს საშუალებას აძლევს ოპერაციები მოახდინოს ბანკის მიერ მინიჭებული საკრედიტო ხაზის ფარგლებში. ხშირ შემთხვევაში, საკრედიტო ბარათს აქვს საშეღავათო პერიოდი, რაც გულისხმობს: თუ მომხარებელი ათვისებულ თანხას დააბრუნებს აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ამ თანხაზე არ მოხდება პროცენტის დარიცხვა. როგორც წესი, ოვერდრაფტით სარგებლობის უფლება აქვთ სახელფასო პროგრამაში ჩართულ მომხმარებლებს. ეს არის მოკლევადიანი კრედიტი, რომელიც ავტომატურად და სისტემატურად ივსება ყოველი ხელფასის ჩარიცხვისას, თუმცა ლიმიტი რჩება აქტიური და შესაძლებელია მისი გამოყენება.

რატომ არის მნიშვნელოვანი ხელშეკრულების თავსართი და რა ინფორმაციას შეიცავს ის?

უსწრებს ხელშეკრულების ყველა სხვა ნაწილს/დებულებას და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. თავსართში მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებს და მოიცავს: ნომინალურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებს, პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს, პირგასამტეხლოების ოდენობას და სხვა მნიშვნელოვან სახელშეკრულებო ინფორმაციას. თავსართში ასევე მითითებულია, უკმაყოფილების შემთხვევაში რა ფორმით შეგიძლიათ დააფიქსიროთ თქვენი პრეტენზია. თავსართი დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში სასესხო/სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებით, რადგან მასში კომპაქტურად არის გადმოცემული ხელშეკრულების ძირითადი პირობები.

რას ნიშნავს კრედიტის/დეპოზიტის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი ?

ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით მიბმულია რაიმე საჯარო მაჩვენებელზე. ის არის ისეთი საჯაროდ ხელმისაწვდომი მაჩვენებელი, განაკვეთი ან ინდექსი, რომელზეც ბანკი ვერ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას. მაგალითად, სადეპოზიტო ანგარიშის საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა მიბმული იყოს ინფლაციაზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე, ლონდონის ბანკთაშორის განაკვეთზე, ნავთობის ან ოქროს ფასზე და ა.შ.. ამ შემთხვევაში, აუცილებელია აღნიშნული ფასი დადგენილი იყოს საერთაშორისოდ აღიარებული ბირჟის ან კორპორაციის მიერ.