პლასტიკური ბარათი

პლასტიკური ბარათი არის ორი სახის: სადებეტო და საკრედიტო. სადებეტო ბარათზე მომხმარებელს შეუძლია საკუთარი თანხის განთავსება. ძირითადად ბარათზე  ოთხი სხვადასხვა ვალუტის ანგარიშია მიბმული: ლარი, აშშ დოლარი, გირვანქა სტერლინგი და ევრო. შესაძლებელია რომელიმე სხვა ვალუტის დამატებაც. საქართველოში ძირითადად Visa ან Mastercard ტიპის ბარათები გამოიყენება. პლასტიკური ბარათით შესაძლებელია ნებიემირი სახის საბანკო ოპერაციის წარმოება - თანხის ჩარიცხვა, განაღდება, გადახდა, კონვერტაცია და ა.შ. თითქმის ყველა ბანკის ბარათით სარგებლობისას გადასახდელია ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური  საკომისიო და ბარათის წლიური ღირებულება. საკომისიოს მოცულობა განსხვავებულია და დამოკიდებულია ბარათის ტიპზე, მომხმარებლის სახელფასო პირობებზე და სხვა.

საკრედიტო ბარათი

საკრედიტო ბარათი არის ორი საბანკო პროდუქტის - პლასტიკური ბარათისა და სამომხმარებლო სესხის სინთეზი. ეს არის საბანკო პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სავაჭრო ობიექტში საბანკო კრედიტით შეიძინოს საქონელი ან მომსახურება, ასევე ინტერნეტით, და/ან ბანკომატის მეშვებით გაანაღდოს თანხა.

საკრედიტო ლიმიტი, ანუ სესხის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც ინდივიდუალურია, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიისა და მისი შემოსავლების გათვალისწინებით განისაზღვრება.

შესაძლოა საკრედიტო ლიმიტის გაზრდაც. მომხმარებელს შეუძლია აითვისოს თანხა მისთვის სასურველ დროს და ნებისმიერი პერიოდულობით, ლიმიტის ფარგლებში. შესაბამისად, საკრედიტო ბარათს არ აქვს დაფარვის სტანდარტული გრაფიკი. უმეტეს საკრედიტო ბარათზე მოქმედებს ე.წ. საშეღავათო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში ათვისებულ თანხას არ ერიცხება პროცენტი. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა სრულად ვერ დაფარა ათვისებული თანხა საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, ის ვალდებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის ბოლოს დაფაროს ათვისებული თანხის გარკვეული წილი და დარიცხული პროცენტი. გასათვალისწინებელია, რომ ბარათის განაღდების საკომისიო, საკმაოდ მაღალია, ამიტომ მკაცრად რეკომენდირებულია, რომ თანხის ათვისება მოხდეს სავაჭრო ობიექტებში ე.წ. პოსტერმინალის მეშვეობით.

საკრედიტო ბარათები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით ძალიან გავრცელებული და პოპულარული პროდუქტია. საზღვარგარეთ ამ ბარათების რეალური დანიშნულება არის „შოპინგი“. აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ საკრედიტო ბარათები ერთი-ერთი ყველაზე პრობლემური პროდუქტია საქართველოში.

მომხმარებლებმა აუცილებლად უნდა გაითვლისწინონ, რომ საშუალოდ განაღდების საკომისიო 3-4%-მდე მერყეობს (თუმცა არის გამონაკლისიც), საშეღავათო პერიოდი დაახლოებით 55 დღეა, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი 18%-დან 36%-მდე მერყეობს. აღსანიშნავია, რომ თუ მომხმარებელი საკრედიტო ბარათს „შოპინგისთვის“ გამოიყენებს წლიური საპროცენტო განაკვეთი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამ თანხის განაღდების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითქმის ყველა ბანკის ბარათს აქვს გარკვეული შეღავათები და ქულების დაგროვების სისტემები, რაც ხელს უწყობს უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებას.