საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბანკო სექტორის სტატისტიკური მონაცემები (2015 წლის 1 ივნისის მდგომარეობით) გამოაქვეყნა. მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ გარკვეული პრობლემები საბანკო სექტორსაც შეუქმნა: შემცირებულია ბანკების მთლიანი აქტივები, შემცირებულია დეპოზიტების რაოდენობა, შემცირებულია სასესხო პორტფელის ზრდის დინამიკა, გაზრდილია ვადაგადაცილებული სესხების ოდენობა და გაზრდილია დოლარიზაციის მაჩვენებელი. ბევრი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს საბანკო სექტორის სტაბილურობას 1 ივნისის მდგომარეობით გაუარესებულია. თუ წინა წლებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ როგორც დეპოზიტების ასევე წმინდა აქტივების მოცულობა წლიდან წლამდე მზარდი ტრენდით ხასიათდებოდა, საყურადღებოა ასევე საკრედიტო პორტფელი, რომელიც მართალია გაიზარდა, მაგრამ ძალიან მცირე მაჩვენებლით. ამას გარდა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ვადაგადაცილებების მოცულობა, 27%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადი ინდიკატორების ზრდის ტემპი შენელებულია და ზოგ შემთხვევაში საერთოდ კლება შეინიშნება, რაც საბანკო სისტემის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. სიტუაციის გაუარესება მრავალ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანი სავალუტო კრიზისია. თუ წინა თვეებში მიუხედავად სავალუტო კრიზისისა ეს ინდიკატორები იზრდებოდა, საშუალო ვადიან პერიოდში ლარის გაუფასურებამ მაინც მოახდინა ზეგავლენა ეკონომიკურ მდგომარეობაზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საბანკო სექტორი საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და სტაბილური ინდუსტრიაა, რომელმაც საკმაოდ ძლიერ კრიზისებს გაუძლო და შესაბამისად მიმდინარე ეტაპზე დაფიქსირებული პრობლემები საბანკო სექტორის სტაბილურობაზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ვერ მოახდენს.
საბანკო სექტორის მიმოხილვის სრულ სახეს გაეცანით მიმაგრებულ ფაილში .
"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.