არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკებმა ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობას ფინანსური პირამიდების შესახებ კვლევის პრეზენტაცია წარუდგინა და მის საფრთხეებზე ესაუბრა. შეხვედრის მიზანი მომხმარებლის ფინანსური განათლების დონის ამაღლება იყო.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფინანსური პირამიდებისგან მიყენებულმა ზარალმა 100 მილიონ ლარს მიაღწია. დაზარალდა დაახლოებით 4000 ადამიანი. კერძოდ, კომპანია „საქართველომ“ დააზარალა 2343 მოქალაქე და გაიფლანგა 81 მილიონი ლარი. კომპანია MFX Broker Georgia – 111 ადამიანი და 4.2 მილიონი ლარი. კომპანია ევროკრედიტი - დაუზუსტებელი ინფორმაციით ზარალის მოცულობა 3 მილიონ ლარს აჭარბებს.

შეხვედრაზე დამსწრეებს ის ნიშნებიც გააცნეს, რაც ახასიათებს საქართველოში მოქმედ თაღლითურ კომპანიებს. ესენია:

  • აქტიური სარეკლამო მარკეტინგი და  საბაზროზე მაღალი სარგებელი
  • დამალული/რთული ბიზნესმოდელი. აქცენტირება ყოველთვის კომპანიის წარმატებაზე და გაცემულ სახსრებზე ხდება
  • საწევროს მცირე შენატანი და გამდიდრების მომხიბლველი შანსი

ორგანიზაციამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე გარკვეული რეკომენდაციებიც შეიმუშავა. მათ შორის პირამიდა ბიზნესისთვის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება და პირამიდული ბიზნესის კრიმინალიზება.

პროექტს - ,,პირამიდა ბიზნესი და მომხმარებელთა ფინანსური განათლების ამაღლება’’ საზოგადოება და ბანკები გერმანული შემნახველი ბანკების ფონდთან და ,,განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან’’ ერთად ახორციელებს.