არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ კრედიტორების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ არსებული მონაცემები მიმოიხილა.

როგორც კვლევამ აჩვენა, იპოთეკით უზრუნველყოფილი რეალიზებული უძრავი ქონება 2016 წელს წინა წელთან შედარებით 359-ით (25.5%) გაიზარდა და 1,769 შეადგინა. დასაკუთრებული უძრავი ქონების ყველაზე დიდი წილი 55% ფიზიკურ პირებზე, ე.წ. „მევახშეებზე“ მოდის, შედარებით მცირეა ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წილი, შესაბამისად 26% და 19%.

კერძო მევახშეების სექტორი საქართველოში ლეგიტიმურია, მაგრამ ფაქტობრივად დაურეგულირებელი. პრობლემის აღმოსაფხვრელად სასურველია აღნიშნული სესხების ერთიან ბაზაში მოქცევა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც გაზრდის კონკურენციას სეგმენტში და გამოიწვევს მსესხებლის პირობების გაუმჯობესებას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კერძო პირებისაგან მსესხებლები ძირითადად მცირე ბიზნესი და საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობაა. კერძო მევახშეების მხრიდან საზოგადოება სერიოზულად ზარალდება. შესაბამისად, სასურველია ამ სეგმენტის წილის რაც შეიძლება მინიმუმადე დაყვანა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩამორთმეული ქონების ოდენობის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია:

  • საზოგადოებაში ფინანსური განათლების დონის ამაღლება
  • სესხის რესტრუქტურიზაციის პირობების გაუმჯობესება
  • მევახშეების, როგორც ეკონომიკის ჩრდილოვანი სეგმენტის ანალიზი და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება
  • დაბალშემოსავლიან მოსახლეობაზე იპოთეკით უზრუნველყოფილი არამიზნობრივი/სამომხმარებლო სესხების რეგულირება
  • აქტივების მართვის კომპანიების შესწავლა, რომლებიც პრობლემური სესხების მართვაში და უძრავი ქონების რეალიზებაში მონაწილეობენ

2011 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ სულ რეალიზებულია 11 796 უძრავი ქონება.

გაეცანით კვლევას მიმაგრებულ ფაილში.