საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 20396 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი გაეზრდებათ, რადგან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 6.75%-მდე გაზარდა. მთლიანად ცვლად განაკვეთზე მიბმული 806,4 მლნ ლარის სესხია გაცემული.

1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 748-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 741,2 მილიონიდან 806,4 მილიონ ლარამდე.

20396 ხელშეკრულებიდან 10363 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 104,7 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 იანვრისთვის 14.5% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 იანვრის მონაცემებით 4467 სესხია მიბმული, საშუალოდ 10,6%-ში. მთლიანი პორტფელი კი 191,1 მილიონი ლარია.

1786 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 471,19 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 75,1 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12,8%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 იანვრის მონაცემებით 396,1 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12,0%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 იანვრის მონაცემებით 23 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 640,97 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 13,7%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 3756 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 38,7 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 დეკემბრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 11,77%-ია. აქედან ყველაზე მეტია ბიზნესსესხები, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი შემცირებულია 172 მილიონი ლარით. მიუხედავად იმისა რომ ბოლო ათი თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთმა საშუალოდ 14.6%-დან 12.1%-მდე დაიწია, რეფინანსირებაზე მიბმული სასესხო პორტფელი მაინც შემცირდა. ეს ერთი მხრივ დაბალი ეკონომიკური ზრდით და მეორე მხრივ შემცირებული ერთობლივი მოთხოვნითაა განპირობებული.

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, გაცვლითი კურსის გაუფასურებამ და აქციზის განაკვეთების ზრდამ გამოიწვია გარკვეულ საქონელსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა. ინფლაციური წნეხის შესამცირებლად ეროვნულმა ბანკმა გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი. რეფინანსირების განაკვეთის ზრდა გამოიწვევს ლარში საპროცენტო განაკვეთების ზრდას, მათ შორის გალარების აქციის ფარგლებში გათვალისწინებულ სესხებზე. 2017 წელს მოსალოდნელია საპროცენტო განაკვეთების დამატებით ზრდა, ხოლო ზრდის მასშტაბი დამოკიდებული იქნება ინფლაციის განაკვეთზე და გაცვლით კურსზე.